English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ვლადიმერ ბასარია
საკუთრება და მეწარმეობა

რეზიუმე

საქართველოში სერიოზული (რევოლუციური) სოციალურ - პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობს. მათი არსი ჯერ კიდევ უკავშირდება წარმოების ერთი წესიდან (სოციალურ - ეკონომიკური წესრიგიდან) მეორეში გადასვლას: რთულია დადასტურებით იმის თქმა, რომ მბრძანებლური წარმართვადი სისტემა საბოლოოდ ჩაანაცვლა სოციალურად ორიენტირებულმა თავისუფალმა საბაზრო ეკონომიკამ.

ეს თვისებრივი გარდაქმნები, სოციალურ - პოლიტიკური ცვლილებების გატარებასთან ერთად, გულისხმობს მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის ამაღლებისათვის საჭირო სამეურნეო საქმიანობის მაღალი ხარისხის ეკონომიკური თავისუფლებით გამყარებას, პირველ რიგში კი კერძო საკუთრების ფლობა-განკარგვის თავისუფლების მყარ სახელმწიფოებრივ უზრუნველყოფას; სწორედ კერძო საკუთრებრივი ურთიერთობების თავისუფლება  უნდა იყოს გარანტირებული ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული სუბიექტებისათვის, რომ მათმა ქცევამ მაქსიმალური შედეგი გამოიღოს.

ახალი სოციალურ - ეკონომიკური წესრიგის შექმნის პერიოდი უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. მასზე გადასვლისთვის საჭირო გარდამავალი პერიოდი პრინციპში თითქოს გავიარეთ, მაგრამ, ერთგვარი საერთო წინსვლის მიუხედავად, სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით (კეთილდღეობის დონე), სამწუხაროდ, ჯერჯერობით წარმატებაზე საუბარი არამართლზომიერია: მოსახლეობის ერთ სულზე 2017 წლის მთლიანი შინა პროდუქტი 1990 წლის შესაბამის მაჩვენებელზე ნაკლები იყო. ეს ბევრმა მოვლენა - მიზეზმა განაპირობა, მათ შორის თავისუფალი საკუთრებრივი ურთიერთობების (ასეთი ურთიერთობებით გამოწვეული მოტივაციის) არასაკმარის დონეზე დამკვიდრება - გათავისებამაც.ამიტომ სასარგებლო და აუცილებელია ამ მიმართულებით ქვეყანაში კვლევების გააქტიურება და სამეურნეო სუბიექტების, საზოგადოების წევრების მიერ პრობლემის (წარმოებისათვის საჭირო რესურსების ფლობა - გამოყენების საკითხებში გარკვევის) გაგებაში ხელის შეწყობა. 

საკვანძო სიტყვები: საკუთრება, საკუთრებრივი ურთიერთობები, მეწარმეობა, ბიზნესი, მოტივაცია, კეთილდღეობა, მეტოქეობა, სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური სისტემა. 

შესავალი

წარმოშობის დღიდან ადამიანი ფუნქციონირებს გარემოში, რომელიც სხვადასხვა აუცილებელი ნივთ-საგნებისაგან შედგება: ჰაერია ეს, წყალი, ტყე თუ სხვა რამე. მისი ცხოვრება - არსებობა უშუალოდაა დაკავშირებული პირვანდელი მოთხოვნილებების (ჭამა, სმა, ჩაცმა,ს საცხოვრისი, გვაროვნობის გაგრძელება) დაკმაყოფილებასთან. ამასთან, როგორც ყველა სხვა დანარჩენი არსება, თავიდან ადამიანი ყოველგვარი შეგნებული შეცვლა - გადაკეთების გარეშე მოიხმარდა იმას, რაც მზამზარეულად ხვდებოდა ბუნებისაგან. ამ პირობებში რესურსების შეზღუდულობა არ წარმოადგენდა მისთვის განსაკუთრებულ  პრობლემას, თუმცა დროთა განმავლობაში, მისი გონივრული შესაძლებლობების განვითარების შედეგად, სიტუაცია პრინციპულად შეიცვალა: გარემოს მიერ ბოძებული ზოგიერთი სიკეთე ადამიანმა მეტი დოვლათის შექმნის რესურსად და მეტის მოხმარების მომცემ საშუალებად აქცია. ამან კი (და ამის კვალობაზე შრომის დანაწილების შედეგად მწარმოებლურობის ზრდამ) გააჩინა მასში ნივთ-საგნების დაუფლების ინტერესი, ანუ გაუღვივა კერძომესაკუთრეობრივი იმპულსი.

ეს კაცობრიობის განვითარების ის პერიოდია, როდესაც უკვე ჩამოყალიბებულია ადამიანების მეტ-ნაკლებად დიდი რიცხობრივი ერთობლიობები - პრიმიტიული, თუმცა მაინც საზოგადოება თავისი გარკვეული ინტერესებით. ამ საზოგადოებებს (არა აქვს მნიშვნელობა, ისინი ერთ ადგილას ცხოვრობენ თუ მომთაბარენი არიან) ბუნებისაგან ერგო შეზღუდული სივრცე, სადაც არსებობისათვის საჭირო დოვლათ - სიკეთის საზოგადოების წევრების მიერ გამოყენება - დაუფლების პრობლემა დადგა; შესაბამისად, ადამიანთა ერთობის ერთი ნაწილის მიერ რესურსების მნიშვნელოვან წილის დაუფლება ხდება. გასაგებია, რომ ერთობის მეორე ნაწილს ნაკლები ერგება. ეს კი კერძო საკუთრების ნიშნებია. რესურსების მფლობელს, რომელიც ხედავს, რომ მათი გამოყენებით მეტი სიკეთის შექმნა შეიძლება, შესაბამისი საქმიანობის მოტივაცია უჩნდება.

ამის შემდეგ იწყება კაცობრიობის არსებობის თვისებრივად ახალი ეპოქა, როდესაც ადამიანების ცხოვრებისეული ინტერესები მძაფრად უკავშირდება დოვლათის ქონა - არქონას, საკუთრების პრობლემას; მისი ხასიათის თვისებრივი ცვლილებები განაპირობებდა, როგორც წესი, თვით საზოგადოებრივი ყოფის ცვლილებებს. სოციალურ - ეკონომიკური წყობილების (წესრიგის) ჩამოყალიბებაში საკუთრების ფორმის მნიშვნელობას, საკუთრებრივი ურთიერთობების გადამწყვეტ (საბაზისო) ხასიათს  განსაკუთრებით უსვამდა ხაზს ჩვენ ქვეყანაში ათეული წლების განმავლობაში დამკვიდრებული იდეოლოგია (მარქსიზმი). მაგრამ ეს დებულება ძირითადად გამოიყენებოდა იმისათვის, რომ წარმოჩენილიყო კერძო საკუთრების ექსპლუატატორული, რეგრესული და მიუღებელი ხასიათი, ამის ფონზე კი წინ წამოწეულიყო ტოტალური სახელმწიფო საკუთრების უპირატესობა, როგორც წარმოება - განაწილებაში უფრო მაღალი შედეგიანობის დამამყარებელი საკუთრების ფორმა. ამ პროპაგანდას და მოსახლეობის სოციალური დაცვის გარკვეულწილად გადაწყვეტას ფუჭად არ ჩაუვლია: საზოგადოების ნაწილი უარყოფითად განეწყო კერძო საკუთრებისადმი, შეიძულა და შეურიგებელი გახდა იმათ მიმართ, ვინც, მისი აზრით ასეთ საკუთრებაზე დაყრდნობით „სხვისი შრომის ხარჯზე მდიდრდება“; ზოგსაც, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვნად დაუმახინჯდა კერძომესაკუთრეობრივი მოტივაცია - მიუხედავად იმისა, რომ თავად სიამოვნებით ეუფლებიან დოვლათ-სიკეთეს, სხვების მიერ ქონების დაგროვებას ისინი გაზვიადებული შურით უყურებენ და მათგან საზოგადოებრივი ინტერესების წინ დაყენებას მოითხოვენ.

საკუთრებრივ ურთიერთობებზე საგნობრივი საუბარი მიზანშეწონილი იქნება თვით საკუთრების განმარტებით დავიწყოთ. საკუთრება არის ადამიანთა შორის წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების პროცესში არსებული ობიექტური კავშირების სისტემა, რომლებიც (კავშირები) პირველ რიგში წარმოების საშუალებების და მოხმარების საგნების მითვისებას ახასიათებს და წარმოების ორგანიზაციის, სამუშაო ძალის (შრომის) წარმოების სხვა ფაქტორებთან შეერთების ხასიათს განაპირობებს [1, გვ. 239].

საკუთრების სუბიექტებს შორის საკუთრების ობიექტების განაწილება საზოგადოებრივი კვლავწარმოების შედეგებზეა დამოკიდებული, საკუთრების ამა თუ იმ ფორმაში არსებობის თავისუფლება კი ადამიანების (ინდივიდების), მთელი საზოგადოების მეწარმეობრივი მოტივაციის ინტენსივობას განაპირობებს. ამასთან კვლავწარმოებას უპირველესად ადამიანის შინაგანი გენეტიკური მისწრაფებები განსაზღვრავს (იარსებოს, გვაროვნობა გააგრძელოს); გაფართოებული კვლავწარმოების მიზეზად კი პირველ რიგში თავად საკუთრებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე მეწარმეობრივი (და მთლიანად შრომითი) მოტივაცია გვევლინება.

საკუთრება, როგორც ეკონომიკური კატეგორია, ადამიანებს შორის ურთიერთობებს და მათი ქცევის პრინციპებს გამოხატავს. უპირველესად საკუთრების ობიექტის (ნივთების,  დოვლათის, ქონების, კაპიტალის) დასაკუთრების და გამოყენების გამო. მაგრამ საკუთრება და მისი მონაგრება მეწარმეობრივი საქმიანობის გარეშე არ არსებობს (საუბარია საბოლოო ჯამში, და არა კონკრეტულ შემთხვევებზე და ფაქტებზე). მესაკუთრეს თანდაყოლილი სურვილი და იმანენტური მისწრაფება აქვს გაზარდოს თვისი საკუთრება, მისი საგნობრივი მოცულობა, თანაც ეს სურვილი გააჩნია ყველა ცალკეულ მესაკუთრეს და, მაშასადამე, მთელ საზოგადოებას. ამისათვის კი მეწარმეობაა საჭირო; თუ საკუთრება წარმოებაში (მეწარმეობაში) არაა ჩართული, ის არა მარტო არ იზრდება, არამედ უცვლელიც არ რჩება და, როგორც წესი, კლებულობს.

საკუთრების (კაპიტალის) მეწარმეობრივ საქმიანობაში ჩართვა შეიძლება სხვადასხვანაირად:

  1. როცა მესაკუთრე თვითონ კისრულობს წარმოების ორგანიზაციას, თავად ეწევა მეწარმეობრივ საქმიანობას და, შესაბამისად, თვითონვე ითვისებს შექმნილი ფასეულობის იმ ნაწილს, რომელიც მის კაპიტალზე მოდის, აგრეთვე საკუთარი შრომის, ორგანიზატორული და მეწარმეობრივი ნიჭის ანაზღაურებას;
  2. როდესაც მესაკუთრე თავისი საკუთრების ობიექტს (კაპიტალს) ფულის სახით სხვაზე გაასესხებს, ე.ი. სხვას დაუთმობს გამოსაყენებლად გარკვეული დროით და გარკვეული საზღაურის გადახდევინებით;
  3. როდესაც მესაკუთრე მისი საკუთრების მეწარმეობრივ გამოყენებას ძირითადად მაღალი ანაზღაურებით მოზიდულ (დაქირავებულ) პროფესიონალ მმართველებს (მენეჯერებს) ანდობს, თვითონ კი საკუთრების ტიტულს (აქციებს) ფლობს და მასზე შემოსავალს (დივიდენდს) იღებს.

ამ სამივე შემთხვევაში ჩვენ საკუთრებას ეკონომიკური თვალსაზრისით ვხედავთ, ბიზნესის გამართვისა და მისი შედეგების განაწილების ეკონომიკურ ურთიერთობებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ძირითადად საკუთრებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე ყალიბდება: ეს არის ურთიერთობები მესაკუთრესა და დაქირავებულ მუშაკებს შორის, მესაკუთრესა და მენეჯერს შორის, კაპიტალის მესაკუთრესა და მეწარმეს (ფირმის მესაკუთრეს) შორის, მეწარმესა და მის მიერ დაქირავებულ სამუშაო ძალას შორის, მესაკუთრესა და მთელ დანარჩენ საზოგადოებას შორის. მაგრამ ეს ურთიერთობები, რომლებიც საზოგადოებაში საკუთრებასთან დაკავშირებით ყალიბდება, ჩვეულებრივად იურიდიულ სამოსელში გვევლინება - როგორც საკუთრების (მესაკუთრის) უფლებები. ადამიანის ქცევის პარამეტრებს და წესებს, რომლებიც საკუთრების ფლობა - სარგებლობასთან არის დაკავშირებული, ქვეყნის კანონმდებლობა განსაზღვრავს როგორც საკუთრების უფლებას.

საკუთრების უფლება არის ცალკეული პირის, ჯგუფის ან სახელმწიფოს ნება - სურვილის შესაბამისად მის საკუთრებაში არსებული წარმოების საშუალებებით თუ სხვა ქონებით სარგებლობის უფლებამოსილება [1, გვ. 242]; საკუთრების უფლება მოიცავს ქონების (საკუთრების) ფლობას, გამოყენებას და განკარგვას (იგივე მთლიანი საკუთრება), რაც იურიდიულ კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში აისახება. საკუთრების უფლებების კანონმდებლობით მოწესრიგებას და სახელმწიფოებრივ დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მათი წყალობით საზოგადოებაში ყალიბდება მესაკუთრეთა, აგრეთვე მესაკუთრეთა და საკუთრების არმქონეთა თანასაქმიანობის და თანაარსებობის პირობები, თავისებური საზოგადოებრივი, ეკონომიკური და სხვა „თამაშის წესები“. საკუთრების უფლებებში უპირველესად იგულისხმება მესაკუთრის მიერ თავისი რესურსების გამოყენების და ამ გამოყენების დროს წარმოქმნილი ხარჯების და სარგებლის განაწილების უფლებამოსილება.

მაშასადამე სწორედ იურიდიული ნორმატიული აქტები არეგულირებს საკუთრების:

  • ფლობას. საკუთრების ფლობა ნიშნავს, რომ ესა თუ ის წარმოების საშუალება, საწარმო, ქონება ამა თუ იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ეკუთვნის, და არა სხვას (სხვას ამ საკუთრებაზე უფლება არ აქვს, თუ ისიც მფლობელი არ არის);
  • გამოყენებას. საკუთრების გამოყენება ნიშნავს, რომ მისი მფლობელი თავის ქონებას (საკუთრებას) იყენებს საკუთარი შეხედულებისამებრ;
  • განკარგვას. საკუთრების განკარგვა, შეიძლება ითქვას, უმაღლესი უფლებაა, როდესაც მესაკუთრეს თავისი სურვილისამებრ შეუძლია გაასხვისოს (გაყიდოს, გააჩუქოს) საკუთრება.

ყურადღებას იქცევს საკუთრების უფლების განაწილების საკმაოდ გავრცელებული ფორმა - ე.წ. ტრასტი (ინგლ. trust). ტრასტული შეთანხმება ნიშნავს, რომ მესაკუთრე სხვა სუბიექტს გადასცემს თავისი საკუთრების მართვის უფლებას, რის შემდეგ ხელშეკრულების ფარგლებში თვითონ კარგავს ფორმალურ უფლებას ჩაერიოს რწმუნებული პირის საქმიანობაში. მაგალითისათვის, ამ წესით შესაძლებელია სხვა პირზე აქციების პაკეტის (პორტფელის) მართვის გადაცემა.

კაცობრიობის ისტორიაში ცნობილია საკუთრების ორი ტიპი: კერძო და საზოგადოებრივი. კერძო ეწოდება საკუთრებას, როდესაც წარმოების საშუალებები და სხვა ქონება (დოვლათი) ცალკეულ ინდივიდს, საოჯახო მეურნეობას, ფირმას ეკუთვნის. ე.ი. ამ დოვლათის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება იურიდიულად გაფორმებულია ამ სუბიექტებზე და მისი მოხმარება თუ მეწარმეობრივ საქმიანობაში ჩართვა მხოლოდ ამ კერძო მესაკუთრის ინტერესებიდან გამომდინარე და მისი სურვილით ხდება.

საზოგადოებრივი არის საკუთრება, რომლის ფლობაზე, გამოყენებასა და განკარგვაზე თანაბარი უფლება აქვს მთელი საზოგადოების ყველა წევრს [2, გვ. 334].

საზოგადოების განვითარების სხვადასხვა პერიოდში და საფეხურებზე სწორედ საკუთრების ეს ორი ტიპი გვევლინება განსხვავებული ფორმების სახით. მათ შესაბამისად ყალიბდება თვით მეურნეობრიობის სახეები.

ყოველი საზოგადოებრივ - ეკონომიკური ფორმაცია მნიშვნელოვანწილად მისთვის დამახასიათებელი საკუთრების ფორმებით განსხვავდება. საწარმოო ძალების ამა თუ იმ დონეს შეესაბამება სათანადო ეკონომიკური ურთიერთობები. ამ ურთიერთობებში კი არსებითი და გარკვეულწილად გადამწყვეტი საკუთრებრივი ურთიერთობებია.

საზოგადოების ისტორიული განვითარების პროცესში საკუთრებრივი ურთიერთობები, მათი სტრუქტურა და ხასიათი იცვლებოდა მრავალრიცხოვანი ფაქტორის ზეგავლენით, იქნეობდა ეს დოვლათის შექმნა - კვლავწარმოება, მიტაცებები ომების ან სხვა იძულებითი ზომების საშუალებით, პოლიტიკური რევოლუციები, საკანონმდებლო აქტები თუ სხვა მისთ. ამ ცვლილებების შედეგად საკუთრება იღებდა ახალ ფორმებს, რომლებიც წარმოების საზოგადოებრივ წესს განაპირობებდა (შეესაბამებოდა), ახალი ურთიერთობების განმტკიცება კი სათანადო საკანონმდებლო აქტებით ხდებოდა (და ხდება).

განვიხილოთ ამ ფორმების, სახეებისა და საერთოდ საკუთრების აღმოცენება - განვითარების საკითხი ისტორიულ ასპექტში. ეს აუცილებელია საკუთრების არსის, საკუთრებრივი ურთიერთობების და ადამიანების ქცევის სწორად გაგებისათვის.

კაცობრიობის წინაკაპიტალისტური განვითარების პერიოდში გაბატონებული დარგი იყო სოფლის მეურნეობა, ხოლო წარმოების ძირითადი პირობა - მიწა. ამიტომ განმსაზღვრელი როლიც მიწის საკუთრებას ეკუთვნოდა. მიწაზე საკუთრებას საზოგადოებრივი, თემური ხასიათი ჰქონდა: ცალკეულ ადამიანს, როგორც ინდივიდუუმს, შეეძლო მხოლოდ ესარგებლა მიწით (საკუთრების ობიექტით), მაგრამ ის თავიდან, როგორც წესი, მიწის მესაკუთრე არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინაიდან შრომის დაბალი მწარმოებლურობის გამო დამოუკიდებლად ვერ ირჩენდა თავს. ამიტომ საკუთრების პირველი სუბიექტი თემი (ტომი) იყო. მიწის საკუთრების პირველი ფორმები ამავდროულად უშუალოდ შეიცავდა საკუთრებას პროდუქტზე და იმ იარაღზე, რომლითაც ხდებოდა მიწის დამუშავება (ესეც საკუთრების ობიექტია). საკუთრების ობიექტად მიწის გარდაქმნა ხორციელდებოდა ახალ-ახალი მიწების ათვისებით, რომლებიც არავის ეკუთვნოდა, აგრეთვე მათი მიტაცებით, სხვა თემებისათვის წართმევით.

საწარმოო ძალების განვითარების, შრომის საზოგადოებრივი დანაწილების გაღრმავების, შრომის მწარმოებლურობის ზრდის შედეგად მიმდინარეობდა თემების დაშლა და კერძო მესაკუთრეების გამოყოფა. ქონებრივი უთანასწორობის ზრდის და გაცვლის განვითარების კვალობაზე წარმოიქმნა მონათმფლობელური კერძო საკუთრება, როდესაც საკუთრების ობიექტი, ჩვეულებრივ სიკეთესთან ერთად, თვით საზოგადოების გარკვეული ნაწილიც გახდა (მონები); ის დაფუძნებული იყო მონის შრომის ექსპლუატაციაზე და ეყრდნობოდა მონათა შრომის შედეგის მონათმფლობელის მიერ მითვისებას. მონას კი არავითარი საკუთრება არ გააჩნდა; მისი შრომა არ იყო დაკავშირებული მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების დონესთან, ამიტომ ძალზე დაბალმწარმოებლური იყო.

მიუხედავად თავიდან ასეთი ნეგატიური, დღევანდელი პოზიციიდან ყოვლად მიუღებელი ხასიათისა, მთლიანობაში კერძო საკუთრების წარმოქმნა იმთავითვე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც გამოიწვია, საქმიანობაში ფართოდ ჩართო და განავითარა ადამიანის შემოქმედებითი, მეწარმეობრივი და საერთოდ შრომითი შესაძლებლობები, განამტკიცა მისი სტატუსი ბუნებაში და ის დღევანდელ ცივილიზაციამდე მიიყვანა.

შუა საუკუნეებში გაბატონებული ხასიათი მიიღო ფეოდალურმა საკუთრებამ, რომლის საფუძველს ფეოდალის მიწაზე საკუთრება და პირადად არათავისუფალ, დამოკიდებულ გლეხთა ექსპლუატაცია წარმოადგენდა. ამასთან, მონისაგან განსხვავებით, ყმა (ფეოდალურად დამოკიდებული გლეხი) უკვე საკუთრებრივი ურთიერთობების ფაქტობრივი მონაწილე (სუბიექტი) იყო, ვინაიდან მას მიწის მცირე ნაკვეთი და მის დასამუშავებლად საჭირო წარმოების საშუალებები გააჩნდა (მართალია, მიწა ფეოდალის საკუთრება იყო, ხოლო თავად ყმა გლეხი მნიშვნელოვანწილად ფეოდალური საკუთრების ობიექტი). თავისი შრომის შედეგის დიდ ნაწილს ყმა-გლეხი იძულებითი წესით განასხვისებდა მიწის მესაკუთრის სასარგებლოდ - სამუშაოს შესრულების ან ნატურალური რენტის სახით. მიწის ფეოდალური საკუთრება იყო პიროვნული, პირადი დამოკიდებულების იერარქიული კავშირებით შეზღუდულ - შემოფარგლული საკუთრება. მიუხედავად ამისა, ყმა-გლეხის შრომა, მონის შრომასთან შედარებით, უფრო მწარმოებლური იყო.

ფეოდალური საზოგადოების წიაღშივე წარმოიშვა ურთიერთობები, რომლებიც არ იყო დაკავშირებული მწარმოებლის მიწისადმი მიმაგრებასთან. თავისუფალ გლეხთა წვრილ კერძო საკუთრებასთან ერთად, აქ არსებობდა მიწის საკუთრებისაგან გამოყოფილ, ფეოდალური დამოკიდებულებისაგან თავისუფალ ქალაქელ ხელოსანთა საკუთრება, რომლებიც (ხელოსნები) აწარმოებდნენ გასაყიდად გამზადებულ პროდუქტს. მიუხედავად იმისა, რომ ხელოსნები ამქრებში იყვნენ გაერთიანებული და ეს უკანასკნელნი რეგლამენტაციას უწევდნენ მათ საქმიანობას, ისინი პირადად დამოუკიდებელი იყვნენ და გამოდიოდნენ როგორც წარმოების საშუალებებისა და პროდუქციის შედარებით განცალკევებული მესაკუთრეები. ხელოსანთა კერძო საკუთრება მთლიანად უკავშირდება სასაქონლო წარმოებას და გაცვლას, ამიტომ მისი სუბიექტები საქონელმწარმოებლებად გვევლინება. მართალია, ეს წვრილი საქონელწარმოება იყო, მაგრამ ის მაინც იძლეოდა კაპიტალისტური ურთიერთობების დამყარებისათვის აუცილებელი დაგროვების გარკვეული მოცულობის შექმნის საშუალებას.

სასაქონლო ურთიერთობების განვითარების კვალობაზე ერთგვარი დანაზოგები დაუგროვდათ ფეოდალებსაც, რომელთა (დანაზოგების) გამოყენება შეიძლებოდა წარმოების სხვა საწყისებზე ორგანიზებისათვის.

საწარმოო ძალების, სასაქონლო წარმოების განვითარების და კაპიტალის პირველდაწყებითი დაგროვების შედეგად წარმოიშვა კაპიტალისტური კერძო საკუთრება. ასეთი საკუთრებისათვის თავიდან დამახასიათებელი იყო უშუალო მწარმოებელთა დიდი ნაწილის შრომის მატერიალური პირობებისაგან, როგორც საკუთრების ობიექტისაგან, სრული გათიშვა (გამოყოფა). ვინაიდან ფეოდალური წყობილების პირობებში მუშაკთა დიდი უმეტესობა დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან და მიწის საკუთრებასთან, კაპიტალისტური კერძო საკუთრების წარმოქმნის აუცილებლობა მოითხოვდა (და განხორციელდა კიდეც) სოფლის მშრომელი მოსახლეობის საკუთრების ექსპროპრიაციას და თვით მოსახლეობის დაკავებული მიწებისაგან განდევნას. ამის შედეგად შეიქმნა გლეხებისაგან გამოთავისუფლებულ მიწაზე მსხვილი კერძო საკუთრება და გაჩნდა პიროვნულად თავისუფალი, ეკონომიკური რესურსების (გარდა შრომისა) არმქონე ადამიანების მასა. ე.ი. საკუთრება გათავისუფლდა პიროვნული დამოკიდებულებისაგან, შეიქმნა ასე ვთქვათ, „სუფთა“ კერძო საკუთრება.

საკუთრებრივმა ურთიერთობებმა, მ.შ. თვით კერძო საკუთრებამ, დღიდან ჩამოყალიბებისა სერიოზული ცვლილებები განიცადა. XVIII საუკუნეში ევროპის ქვეყნებში დამკვიდრებულ კაპიტალისტურ კერძო საკუთრებას, წვრილი საქონელწარმოების მსგავსად, კავშირი ჰქონდა სასაქონლო წარმოებასა და გაცვლასთან, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ აქ წარმოების საშუალებები წარმოების მოწყობის ფულად - მატერიალური რესურსები ძირითადად საზოგადოების ერთი (მცირე) ნაწილის ხელში იყო, რომელსაც ამ ფასეულობის მეწარმეობრივად გამოყენების შედეგად გაზრდა - გაფართოების მოტივაცია გააჩნია. საზოგადოების დანარჩენ ნაწილს ასეთი საშუალებები (კაპიტალი) არა აქვს, მაგრამ წარმოების მეორე აუცილებელი ფაქტორის - სამუშაო ძალის (შრომის) მფლობელია, რომლის გამოყენებისაკენ მას მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილი უბიძგებს. წარმოების ამ ორი ფაქტორის სუბიექტების ბაზარზე შეხვედრის შედეგად ხდება წარმოების ორგანიზაცია, რომელსაც საფუძვლად კაპიტალის მესაკუთრის (მეწარმის) მიერ კაპიტალის გამოყენება და სამუშაო ძალის დაქირავება უძევს. შეთანხმების ორივე სუბიექტი ბაზარზე თავისუფალია და მოლაპარაკების შესაბამისად ღებულობს სამეურნეო საქმიანობის შედეგად შექმნილი პროდუქტის კუთვნილ წილს. ამ წილის ანაზღაურების გარეშე არც კაპიტალისტი მოჰკიდებს წარმოებას ხელს და გაიღებს (გამოიყენებს მეწარმეობრივად) კაპიტალს და არც მუშა გასწევს შრომას: თუ მუშისათვის ეს წილი (ხელფასი) შრომის საფასურია, კაპიტალისტისთვის მის მიერ მიღებული მოგება მეწარმეობრივი საქმიანობის, აგრეთვე თავშეკავების და გაწეული რისკის საზღაურია - რომ მან კი არ მოიხმარა ადრე მონაგრებულ - დაგროვილი დოვლათი, არამედ დააბანდა მეწარმეობაში იმ ვარაუდით, რომ ავანსირებულზე მეტ მოგებას დაიბრუნებს. შექმნილი პროდუქტის  ორ მესაკუთრეს (კაპიტალისტი - კაპიტალის მესაკუთრე, მუშა - შრომის მესაკუთრე) განაწილება თავისუფალ ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების კანონის მოქმედებიდან გამომდინარე ხდება.

ამასთან, რადგანაც აბსოლუტურად თავისუფალი ბაზარი მხოლოდ თეორიული დაშვებაა, არც ეს ურთიერთობებია, ალბათ, რეალურად (აბსოლუტურად) თავისუფალი, განსაკუთრებით კი კაპიტალიზმის განვითარების ადრინდელ, საწყის პერიოდში, როდესაც ბაზრის კონიუნქტურა თითქმის ყოველთვის კაპიტალისტისთვის არის სასარგებლო, ბაზარი მთლიანობაში უფრო კაპიტალისტისაა, მას მეტი საშუალება აქვს არ წავიდეს შეთანხმებაზე, ვიდრე მის კონტრაჰენტს. მუშა, თუ ბაზარზე ჩამოყალიბებულ პირობებზე არ დათანხმდა, შიმშილით მოკვდება, ხოლო შიმშილის დაკმაყოფილების და სიცოცხლის გადარჩენის მუხტი კაპიტალის გაზრდის მესაკუთრულ მისწრაფებაზე ძლიერია უეჭველად. ამას ემატება, კაპიტალთან შედარებით, შრომის უფრო დაბალი ელასტიკურობა. მაშასადამე, კაპიტალისტი ჩვეულებრივად იმაზე მეტის მიღებას აღწევს, რაც მას სამართლიანად (ე.ი. კაპიტალზე, საკუთარ ნიჭსა და შრომაზე, გაწეულ რისკზე) ეკუთვნის, ბაზარზე მისთვის პერმანენტულად ხელსაყრელ კონიუნქტურასთან დაკავშირებით ის მოგებაზე ერთგვარ ნამეტს იღებს.  სწორედ ესაა ერთგვარი ექსპლუატაცია, ექსპლუატაციის წყარო, და არა ის, რომ ღირებულებას მხოლოდ შრომა ქმნის, ხოლო კაპიტალისტი მის ნაწილს (ზედმეტ ღირებულებას) უნაცვალგებოდ ისაკუთრებს, როგორც ამას მარქსისტები ამტკიცებდნენ.

დროთა განმავლობაში, მუშათა კლასისთვის ბაზრის ეს არახელსაყრელი კონიუნქტურა კაპიტალიზმის განვითარებასთან, კერძო კაპიტალისტური საკუთრების თვისებრივ ცვლილებასთან, მუშათა კლასის ორგანიზებულობის განმტკიცებასთან და მის მატერიალურად მომძლავრებასთან (ის სულ უფრო მეტი ქონების მესაკუთრე ხდება - მიმდინარეობს ე.წ. „საკუთრების დიფუზია“) ერთად ისე იცვლება, რომ ბაზარზე დაქირავებულ მუშაკთა პოზიციები მყარდება, ხოლო არახელსაყრელობა მცირდება, რაც, საბოლოოდ, განაწილებითი ურთიერთობების თვისებრივ ცვლილებებში გადაიზრდება - სულ უფრო იკვეცება და ქრება ექსპლუატაცია. ამ ტენდენციამ შესაძლოა გადამეტებული ინტენსივობაც კი მიიღოს, რაც განაწილებით ურთიერთობებს ასევე დაამახინჯებს; თუ მუშათა ორგანიზებულობა (პროფკავშირები) მონოპოლიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება (რაც მეწარმეობრივი საქმიანობის მოტივაციის მნიშვნელოვან შემცირებას განაპირობებს და ხელს ააღებინებს მეწარმეს კაპიტალის დაბანდებაზე, უფრო მეტის მოხმარებისაკენ უბიძგებს მას), ეს ეკონომიკური ზრდის მუხრუჭი გახდება.

საკუთრების დიფუზია - სახეცვლილების შედეგად მეწარმეობრივი საქმიანობის რეზულტატის განაწილებაში მომხდარი ცვლილებები იმდენად სერიოზული იყო, რომ მათი აღმნიშვნელი სპეციალური ტერმინიც კი შემოვიდა ეკონომიკურ თეორიაში „წილობრივი ეკონომიკის“ სახელწოდებით (ეს პრობლემა დამუშავებული აქვს ინგლისელ ეკონომისტს, ნობელის პრემიის ლაურეატს ჯეიმს ედვარდ მიდს). კაპიტალიზმის განვითარებაში ეს ცვლილებები ძირითადად მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ისეთი სერიოზული ხასიათი მიიღო, რომ ეკონომიკის ახალი მოდელის (სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის) ჩამოყალიბებაზე დაიწყო საუბარი. თანაც ეს შეცვლა რევოლუციური წესით კი არ მომხდარა, არამედ ევოლუციურად. სიახლეები შეეხო კვლავწარმოების სტრუქტურის ყველა შემადგენელ ნაწილს - წარმოებას, განაწილებას, გაცვლას და მოხმარებას. ამასთან ეს ცვლილებები ყალიბდებოდა როგორც სტიქიურად (თავისუფალი ბაზრის თვითსრულყოფა), ისე შეგნებულად (სახელმწიფოს, პროფკავშირების, მთელი საზოგადოების მცდელობა გაეკეთილშობილებინათ სისტემა სამართლიანობის საწყისებზე).

თვისებრივად შეიცვალა კერძო კაპიტალისტური საკუთრების არსი სააქციო საზოგადოებებში, რომლებშიც (გარდა იმისა, რომ ისინი თავისთავად მნიშვნელოვანწილად ჯგუფურ საკუთრებას წარმოადგენენ, და არა კერძო - ინდივიდუალურს) მართვა - განკარგვას სულ უფრო მეტად მესაკუთრეები კი არ უზრუნველყოფენ, არამედ დაქირავებული პროფესიონალი მენეჯერები; მიმდინარეობს და სულ უფრო ღრმავდება კაპიტალ - ფუნქციის კაპიტალ - საკუთრებისაგან განცალკევება. 

საკუთრებრივი ურთიერთობების გაკეთილშობილების ტენდენციის განმტკიცებაში დადებით როლს ასრულებს დემოკრატიული სახელმწიფო (სახელმწიფო საკუთრება). ეს უკანასკნელი ხშირად აქტიურობს ეკონომიკის სტაბილური განვითარების ხელშეწყობაში, მწვავე სოციალური პრობლემების მოგვარებაში, კრიზისული თუ სხვა მძიმე მოვლენების თავიდან აცილებაში. სახელმწიფო სტრუქტურები საზოგადოებაში მზარდი ქონებრივი უთანასწორობის საჭირო და შესაძლო მოსწორების, მთლიანობაში კერძო საკუთრებრივი ურთიერთობების თანმდევი ნეგატიური ტენდენციების შეკვეცის მიზნებს ემსახურება მნიშვნელოვანწილად. სახელმწიფო საკუთრების გარკვეული ზომით ფუნქციონირება მთლიანობაში ხელს უწყობს მეურნეობრივი სირთულეების გადალახვა - დაძლევას, მეცნიერულ - ტექნიკური დარგებისა და მიმართულებების (მ.შ. განსაკუთრებით ფუნდამენტური გამოკვლევების) დაჩქარებულ განვითარებას, ქვეყნის რეგიონების ეკონომიკური მდგომარეობის ოპტიმალურ გამოთანაბრებას, ნეგატიური ეკოლოგიური მოვლენების ლიკვიდაციას და სხვ.

კაპიტალ - ფუნქციის კაპიტალ - საკუთრებისაგან განცალკევების გაღრმავება - განმტკიცებამ და მასთან დაკავშირებულმა მმართველობითი (მენეჯერული) შრომის კაპიტალ - საკუთრებისაგან გამოყოფამ გამოიწვია ის, რომ ერთგვარად მცირდება და სუსტდება კერძოსაკუთრებრივი უფლებები და მნიშვნელოვნად გაფანტულია კერძო საკუთრების ძალა (ის მესაკუთრეთა კოლექტიურ ძალად გარდაიქმნება); ამავდროულად ფართოვდება და გარკვეულწილად გადამწყვეტი ხდება მმართველთა ფენის, მენეჯერების როლი; როგორც ხშირად აღნიშნავენ, ადგილი აქვს მმართველობით რევოლუციას. ყველაფერმა ამან საშუალება მისცა ბევრ დასავლელ თეორეტიკოსს გაეკეთებინა მართლზომიერი დასკვნა იმის თაობაზე, რომ თანამედროვე კაპიტალისტური საკუთრება მთელი საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.

ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ კაპიტალისტურმა კერძო საკუთრებამ, როგორც ინდივიდუალურმა საკუთრებამ, გარკვეულწილად დაკარგა ეკონომიკური ურთიერთობების ერთადერთი განმაპირობებლის პირვანდელი როლი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შეიცვალა მოქმედების ხასიათი. ამიტომ არასწორი იქნებოდა კაპიტალისტურ ურთიერთობებზე დამყარებული დღევანდელი მეწარმეობრივი საქმიანობა (ბიზნესი) განვსაზღვროთ როგორც მთლიანად კერძო კაპიტალისტური. თვით ტერმინი „კაპიტალისტურის“ ხმარება კი კანონზომიერია, ვინაიდან კაპიტალის ცნება ძირითადად იმ ურთიერთობების არსს ასახავს, რომლებიც მეწარმეობრივ საქმიანობაში ყალიბდება.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს თავისუფალი მეწარმეობის პრინციპებზე ორგანიზებული წარმოებისათვის მნიშვნელოვანწილად დამახასიათებელია, კერძო საკუთრებასთან ერთად, ჯგუფური (კორპორაციული) და სახელმწიფო საკუთრება. მოსაზრება, რომელიც საბჭოურ პოლიტეკონომიაში იყო გაბატონებული, და რომლის მიხედვით საზოგადოებრივ საკუთრებას მხოლოდ ყოფილ სოციალისტურ ბანაკში არსებულ სახელმწიფო და კოლექტიურ საკუთრებას უწოდებდნენ, პრინციპულად არასწორია. საზოგადოებრივია მნიშვნელოვანწილად ჯგუფური აქციონერული საკუთრებაც; სააქციო კაპიტალი საპაიო საწყისებზე დამყარებული საზოგადოებრივი, ასოცირებული კაპიტალია. ეს საკუთრების კოლექტიური, კორპორაციული და ინდივიდუალური საკუთრების შერწყმის თავისებური წარმონაქმნია, და არა სუფთა სახის კერძო საკუთრება.

ზემოგამართულმა მსჯელობამ არ უნდა დატოვოს შთაბეჭდილება, თითქოს დღევანდელი კაპიტალისტური სისტემა ყოველგვარი წინააღმდეგობრივი მოვლენების გარეშე ვითარდება, თითქოს აქ აბსოლუტურად იდეალური საკუთრებრივი ურთიერთობებია დამყარებული. საუბარია განვითარების საერთო ტენდენციებზე, რომლებშიც (ისევე როგორც განვითარებული ქვეყნების სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობაში) ბევრია წინააღმდეგობა, პრობლემა, რომლებიც გარკვეულ პირობებში და პერიოდებში საკმაოდ მწვავე ხასიათს იღებს.

საბაზრო ეკონომიკის ყველა ქვეყანაში ამჟამად დამკვიდრებულია საკუთრების პლურალიზმი, საზოგადოების წევრების სურვილის შესაბამისად ყველგან არსებობს და წამყვანი ადგილი უკავია იგივე ერთგვარად სახეშეცვლილ კერძო საკუთრებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილია ეკონომიკური დემოკრატია, ეკონომიკური თავისუფლება, რომელიც განაპირობებს (როგორც ბაზისური მოვლენა) პოლიტიკურ დემოკრატიას, პოლიტიკურ თავისუფლებას. ე.ი. ადამიანი, ინდივიდი თვისუფალია იმის არჩევანში, თუ როგორ, რა ფორმით მოჰკიდებს ის ხელს ბიზნესს (მეწარმეობრივ საქმიანობას) - დამოუკიდებლად, როგორც კერძო (ინდივიდუალური) მეწარმე, თუ სხვა მესაკუთრეებთან გააერთიანებს ან გაასესხებს თავის კაპიტალს, რა აწყობს მას, წარმოების ორგანიზაციის როგორი ფორმა იქნება მისთვის უფრო სარგებლიანი, უფრო მოგებიანი; ის თავისუფალია ამავდროულად თავისი შემოსავლის (მოგების) გამოყენებაში. პირველ რიგში მესაკუთრეთა ეს მოტივაცია - სურვილები (პლუს ამას ხელისუფლების შედარებით უმნიშვნელო ზეგავლენა, გამომდინარე საერთო სახელმწიფო ამოცანებიდან, სახალხო მეურნეობის მთლიანად განვითარებისა და მისი ცალკეული დარგების სპეციფიკიდან) განაპირობებს იმას, რომ დღეს თავისუფალი მეწარმეობის ქვეყნებში გავრცელებულია (განზოგადებულად) საკუთრების შემდეგი ფორმები: ინდივიდუალური კერძო საკუთრება; კოლექტიური (კოოპერაციული) საკუთრება; სახელმწიფო საკუთრება და შერეული საკუთრება.

რეალურ ცხოვრებაში (სხვადასხვა დარგებში, სახელმწიფოებში, რეგიონებში) გვხვდება საკუთრების ამ ფორმების განსხვავებული სახეობები, საკუთრების ამ განზოგადებული ფორმების სხვადასხვანაირი ტიპები. გარდა ამისა არსებობს საკუთრებრივი უფლებების რანჟირებაც: შეიძლება, მაგალითად, საკუთრების უმაღლესი უფლება (განკარგვა) ჰქონდეს ერთ მესაკუთრეს, გამოყენებისა და ფლობის უფლება კი მეორეს (ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები ტრასტი). საერთოდ საკუთრებრივ ურთიერთობებს წარმოების დღევანდელი ორგანიზაციის რეალობაში მეტად რთული ხასიათი აქვს და ეს სირთულე განსაკუთრებით სააქციო საზოგადოების და მათ მსგავს საწყისებზე მოქმედ სხვა სამეურნეო სუბიექტებს ახასიათებს. სააქციო საზოგადოების (და მისთანა ფორმირებების) რეალური კაპიტალი მთლიანობაში მნიშვნელოვანწილად ფუნქციონირებს როგორც კორპორაციული კაპიტალი; მისი საქმიანობის შედეგის სოლიდურ ნაწილს სააქციო საზოგადოებაში მომუშავე წევრები და დაქირავებული მუშაკები ეუფლებიან და გამოიყენებენ (განაგებენ). ამავდროულად თითოეული აქციონერი (მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა უშუალოდ საზოგადოებაში) საზოგადოების საქმიანობის შედეგებიდან იღებს შემოსავალს დივიდენდების სახით, გამომდინარე მის საკუთრებაში არსებული აქციების მოცულობიდან (ე.ი. მისი ინდივიდუალური კაპიტალის სიდიდიდან). მაშასადამე აქციონერული საკუთრება კერძო ინდივიდუალური საკუთრების კოლექტიურ (საზოგადოებრივ) საკუთრებად თავისებური გარდაქმნა - გარდასახვის შედეგია. საკუთრების აქციონერულ ფორმას კი  მოგეხსებათ, მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია  ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

საკუთრების ფლობა, მისი განკარგვის უფლება განაწყობს მესაკუთრეს მისი შენარჩუნება - გაზრდისაკენ, ეს გაზრდა კი საკუთრების მეწარმეობრივ საქმიანობაში გამოყენებითაა შესაძლებელი. საკუთრების კვლავწარმოებაში ჩართვა კი ნიშნავს, რომ მესაკუთრე ერთვება კონკურენციულ ბრძოლაში, ვინაიდან სასაქონლო ურთიერთობების პირობებში სამეურნეო საქმიანობა იმანენტურად მეტოქეობრივია, აუცილებლად შეჯიბრებას გულისხმობს. მაშასადამე, მეწარმეობრივ საქმიანობას რომ ჰკიდებს ხელს, მესაკუთრემ (თუ ის უშუალოდ წარმართვს წარმოებას) ან მის მიერ დაქირავებულმა მმართველმა (მენეჯერმა) უნდა გამოიჩინონ შესაბამისი მონდომნება, ნიჭი, საზრიანობა, ცოდნა და უნარი, რათა ამ პაექრობაში დადებითი შედეგი მიიღონ. ასეა ეს ყოველთვის, ასეთ პირობებშია წარმოებაში ჩართული კაპიტალის უკლებლივ ყველა მესაკუთრე და მმართველი. მაშასადამე, უბიძგებს რა ყველა მონაწილეს სარგებლიანი საქმიანობა - შრომისაკენ, კერძო საკუთრება (კაპიტალი) წარმოჩინდება სიახლის მაძიებელ მწარმოებლურ ძალად. ე.ი. შეიძლება ითქვას, კაპიტალს, როგორც საკუთრებას, შემოქმედებითი ფუნქციაც აქვს. მისი შემოქმედებითობა კი ბიზნესში პოულობს ასახვას.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს არ აქვს ბიზნესმენის (მეწარმეობრივი) ტალანტი. საქმის ორგანიზაცია და გაძღოლა, კომერციული საქმიანობის უნარი ისეთივე თანდაყოლილი ნიჭია, ალბათ, როგორც, მაგალითად, მუსიკოსის, მსახიობის ან სხვა დარგის ხელოვანისა. ნიჭიერი, უნარიანი ბიზნესმენები, შეიძლება ითქვას, ხალხის, ქვეყნის „ოქროს ფონდია“. ამიტომ საზოგადოება, სახელმწიფო ყველაფერს უნდა აკეთებდეს საიმისოდ, რომ ადამიანებში მეწარმეობრივი სული (მუხტი) კი არ ჩაქრეს, არამედ მაქსიმალურად გამჟღავნდეს, განვითარდეს და გაიშალოს.

ბიზნესმენობა - ეს არის ცდები, მოიგონო და გააკეთო რაიმე ახალი ან გააუმჯობესო უკვე არსებული; მეწარმეობა რეალობად აქცევს მრავალ საინტერესო იდეას; თავისუფალ მეწარმეობაში სრულად გამოიყენება ადამიანის ბუნებრივი პატივმოყვარეობა, მისი იმანენტური მისწრაფება თვითრეალიზაციისა და თვითდამკვიდრებისაკენ. ამასთან, მოაქვს რა სიკეთე თავისი თვისათვის, მეწარმე (ბიზნესმენი) მოქმედებს საზოგადოების სასარგებლოდ. ვინაიდან კომერციის ძირითადი მოტივი მეწარმის საკუთარი მატერიალური და მორალური მდგომარეობის განმტკიცებაა, ბიზნესმენი იძულებულია განუწყვეტლივ იფიქროს და იმოქმედოს, ეძებოს და იპოვოს ახალი გზები და გადაწყვეტილებები. მეწარმეობა ვერ იტანს, არ ეგუება უძრაობას, უმოქმედობას და მოდუნებას. ამავდროულად მეწარმეობრივი საქმიანობისათვის აუცილებელმა მეტოქეობამ არ უნდა გამოიწვიოს შური და სიძულვილი, ყოველ შემთხვევაში, მეწარმე, ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ეცადოს ჩაახშოს, მოთოკოს ასეთი განწყობა, ეცადოს იყოს სხვებისადმი ლოიალური.

ასეთ განწყობა - ქმედობას მთელ ეკონომიკაში განუწყვეტლივ უნდა უწყობდეს ხელს სახელმწიფო მთელი თავისი შესაძლებლობებით იმისათვის, რომ ბიზნესი, მეწარმეობრივი საქმიანობა მაქსიმალურად სასარგებლო გახდეს როგორც თავად მეწარმისათვის, ასევე მთელი საზოგადოებისათვის.

დასკვნა 

ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის იმას, თუ როგორ აქვს მას გათავისებული თავისი სამეურნეო საქმიანობის განმსაზღვრელი (საბაზისო) მიზეზები (საკუთრებრივი ურთიერთობები და მათ მიერ გამოწვეული საქმიანობის მოტივაცია) და როგორ იყენებს მათ სასურველი შედეგის (კეთილდღეობის ამაღლების) მისაღწევად. კაცობრიობის საკუთრების ორი ფორმის - კერძო საკუთრებისა და საზოგადოებრივი საკუთრების თანაარსებობა და თანაფარდობა ისტორიულად ყოველთვის განაპირობებდა და ახლაც განაპირობებს სოციალურ - ეკონომიკური წესრიგის არსს, ეკონომიკური საქმიანობის რეზულტატს. ამასთან კერძო საკუთრება, როგორც ადამიანების მეწარმეობრივი თუ მთლიანად მეურნეობრივი საქმიანობის მოტივაციის განმსაზღვრელი სუბსტანცია - ყოველთვის დომინანტურ პოზიციაშია. სწორედ ამ ურთიერთობებში გარკვევა, მათი საუკეთესო შეხამება და შესაძლებლობების გამოყენება უნდა გახდეს ჩვენ ქვეყანაში სოციალური ორიენტაციის და, დოვლათ - სიკეთის ზრდის თვალსაზრისით, მაღალშედეგიანი წარმოების წესის წარმატებით დაკვიდრება - განვითარების, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების ამოცანის გადაწყვეტის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ეკონომიკური ლექსიკონი. პროფ. ა. სილაგაძის ხელმძღვანელობით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. - თბილისი - 2001.
  2. Кемпбелл Р., Макконел, Стенли Р. Брю. Экономикс, т. I – Москва, изд. “Республика”, 1992.